PDF
დაბრუნდით უკან

ინფრმაცია განახლდა: 05.15.2023

მომსახურების გენერალური ხელშეკრულება ბიზნეს კლიენტებისთვის

6. ნაღდი ფულის შეტანა და გატანა


6.1. Paysera კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას შეიტანონ ნაღდი ფული Paysera-ს ანგარიშზე სისტემაში მითითებული პირობების შესაბამისად.

6.2. Paysera აძლევს კლიენტს შესაძლებლობას გაიტანოს თანხა ანგარიშიდან სისტემაში მითითებული პირობებით. თანხის განაღდების ადგილები, პირობები, ვალუტები, ლიმიტები და ტარიფები მოცემულია აქ.

6.3. ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციების განხორციელებისას კლიენტის წარმომადგენელმა უნდა გადაითვალოს ანგარიშზე შესატანი ნაღდი ფული მის ჩარიცხვამდე, ხოლო ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანისას, თავად გადაითვალოს თანხა მიღებისთანავე და დაუყონებლივ წარადგინოს პრეტენზია, რომელიც ეხება ნაღდი ფულის ოდენობას და ბანკნოტების ხარისხს.

6.4. Paysera ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის შემდეგ, კლიენტს შეუძლია განკარგოს თანხა Paysera-ს მიერ თანხის მიღებისთანავე.

7. საგადახდო დავალების მიღება, მოთხოვნები საგადახდო დავალების მიმართ და უარი მის შესრულებაზე


7.1. როდესაც კლიენტი არის გადამხდელი, საგადახდო დავალება Paysera-ს მიერ მიღებულად ითვლება (საგადახდო დავალების შესრულების ვადის ათვლა იწყება) მისი მიღების დღეს, ხოლო თუ საგადახდო დავალების მიღების მომენტი არ არის Paysera-ს სამუშაო დღე, დავალება მიღებულად ითვლება Paysera-ს მომდევნო სამუშაო დღეს.

7.2. როდესაც საგადახდო დავალება მიღებულია Paysera-ს სამუშაო დღეს, მაგრამ არა სამუშაო საათებში, საგადახდო დავალება მიღებულად ითვლება Paysera-ს მომდევნო სამუშაო დღეს.

7.3. Paysera-ში არსებულ ანგარიშებს შორის საგადახდო დავალება სრულდება დაუყოვნებლივ (რამდენიმე წუთში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახდის ოპერაცია შეჩერებულია სამართლებრივი აქტებით ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლით), მიუხედავად Paysera-ს სამუშაო საათებისა.

7.4. Paysera-ს უფლება აქვს ჩაიწეროს და შეინახოს საგადახდო დავალებები, რომლებიც წარდგენილია Paysera-თან შეთანხმებული ნებისმიერი საშუალებით/ფორმით, ასევე ჩაიწეროს და შეინახოს ინფორმაცია კლიენტის მიერ ან მისი საგადახდო დავალებების შესაბამისად შესრულებული გადახდის ოპერაციების შესახებ. Paysera-ს შეუძლია, წინამდებარე პუნქტში აღნიშნული ჩანაწერები მიაწოდოს კლიენტს და/ან მესამე პირებს, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით, აქვთ უფლება მიიღონ აღნიშნული მონაცემები, როგორც საგადახდო დავალების წარდგენის ან/და განხორციელებული გადახდის ოპერაციის დამადასტურებელი მტკიცებულება.

7.5. კლიენტის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობისა ან/და Paysera-ს მიერ დადგენილ მოთხოვნებს საგადახდო დავალების წარდგენის ან/და საგადახდო დავალების შინაარსის/რეკვიზიტების მიმართ. კლიენტის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალება უნდა იყოს ჩამოყალიბებული ნათლად და ცალსახად, უნდა იყოს შესრულებადი და შეიცავდეს კლიენტის მკაფიოდ გამოხატულ ნებას. Paysera არ იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის მიერ წარდგენილ საგადახდო დავალებებში არსებულ შეცდომებზე, შეუსაბამობებზე, გამეორებებზე ან/და წინააღმდეგობებზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, კლიენტის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებების დეტალების სისწორეზე. თუ კლიენტის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალება არ შეიცავს საკმარის მონაცემებს ან შეიცავს ხარვეზს, Paysera-ს, მიუხედავად საგადახდო დავალების ხარვეზის ხასიათისა, შეუძლია უარი თქვას ასეთი საგადახდო დავალების შესრულებაზე.

7.6. Paysera-ს უფლება აქვს უარი თქვას საგადახდო დავალების შესრულებაზე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საგადახდო დავალება ან კლიენტის/მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება კანონმდებლობით ან/და Paysera-ს მიერ დადგენილ მოთხოვნებს ან Paysera-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობასა და უტყუარობასთან დაკავშირებით. თუ Paysera-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საგადახდო დავალება არ არის წარდგენილი კლიენტის ან კლიენტის კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ან საფუძვლიანი ეჭვი წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით ან წარმოდგენილი საგადახდო დავალების კანონიერებასა ან შინაარსთან დაკავშირებით, Paysera-ს უფლება აქვს მოსთხოვოს კლიენტს, დამატებით დაადასტუროს წარდგენილი საგადახდო დავალება ან/და წარმოადგინოს პირის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვის უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტები ან Paysera-ს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები, Paysera-თვის მისაღები გზით და კლიენტის ხარჯზე. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, Paysera მოქმედებს კლიენტის, Paysera-ს და/ან სხვა პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, Paysera არ იღებს პასუხისმგებლობას ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წარდგენილი საგადახდო დავალების შეუსრულებლობით.

7.7. კლიენტმა უნდა უზრუნველყოს, Paysera ანგარიშზე საგადახდო დავალების შესასრულებლად შესაბამის ვალუტაში შესაბამისი თანხისა და საგადახდო დავალების შესრულებისათვის საჭირო ტარიფის/საკომისიო ოდენობის თანხის არსებობა.

7.8. კლიენტის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების შესრულებამდე, Paysera-ს უფლება აქვს, მოსთხოვოს კლიენტს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის წარმომავლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ კლიენტი არ წარმოადგენს აღნიშნულ დოკუმენტებს, Paysera-ს უფლება აქვს უარი თქვას დავალების შესრულებაზე.

7.9. Paysera-ს უფლება აქვს გამოიყენოს მესამე პირ(ებ)ი კლიენტის საგადახდო დავალების ნაწილობრივ ან სრულად შესრულებისთვის, თუ კლიენტის ინტერესები ან/და საგადახდო დავალების არსი საჭიროებს ამას. როდესაც კლიენტის საგადახდო დავალების შესრულებისთვის საჭიროა მისი გაგზავნა და შემდგომ შესრულება სხვა ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, მაგრამ ეს ინსტიტუტი აჩერებს კლიენტის საგადახდო დავალებას, Paysera არ არის პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მსგავს ქმედებებზე, მაგრამ მიმართავს ყველა შესაძლო ზომას, რათა გაარკვიოს საგადახდო დავალების შეჩერების მიზეზები. Paysera-ს უფლება აქვს შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს კლიენტის საგადახდო დავალების შესრულება, თუ ეს მოთხოვნილია კანონით ან აუცილებელია Paysera-ს კონტროლს მიღმა არსებული სხვა მიზეზების გამო.

7.10. თუ Paysera უარს აცხადებს კლიენტის საგადახდო დავალების შესრულებაზე, მან შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახადო დავალების შესრულების ვადისა, უნდა აცნობოს კლიენტს ამის შესახებ ან შეუქმნას საჭირო პირობები, რათა გაეცნოს ამგვარ შეტყობინებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსგავსი შეტყობინების მიწოდება ტექნიკურად შეუძლებელია ან აკრძალულია სამართლებრივი აქტებით.

7.11. Paysera არ მიიღებს და არ შეასრულებს კლიენტის საგადახდო დავალებას მის ანგარიშებზე განსახორციელებელ ოპერაციებთან დაკავშირებით, თუ კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხები დაბლოკილია/დაყადაღებულია, კლიენტის უფლება განკარგოს თანხები სხვაგვარად არის სამართლებრივად შეზღუდული ან კლიენტის გადახდის ოპერაციები შეჩერებულია მოქმედი სამართლებლივი აქტებით.

7.12. თუ საგადახდო დავალების საფუძველზე გადარიცხული თანხა უკან დაბრუნდა Paysera-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (საგადახდო დავალების არასწორი მონაცემები, მიმღების ანგარიში დახურულია და ა.შ.), დაბრუნებული თანხა განთავსდება ანგარიშზე. საგადახდო დავალების შესრულებისთვის Paysera-თვის გადახდილი საკომისიო უკან არ ბრუნდება, ხოლო თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული Paysera-ს მიერ დადგენილი საკომისიო, შესაძლებელია, ჩამოიჭრას ანგარიშიდან.

7.13. Paysera-ს მიერ ინიცირებული გადარიცხვები შესაძლოა იყოს სტანდარტული და სწრაფი (თუ არსებობს ამის ტექნიკური შესაძლებლობა). გადარიცხვის მეთოდს ირჩევს კლიენტი (თუ არსებობს ამის ტექნიკური შესაძლებლობა). თუ კლიენტი, გადარიცხვის ელექტრონულად განხორციელებისას, არ აირჩევს გადარიცხვის მეთოდს, მიიჩნევა, რომ კლიენტმა დააინიიცირა გადარიცხვის მეთოდი, რომელიც განხორციელდება კლიენტისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობის ავტომატური შერჩევით..

8. თანხმობის წარდგენა და გაუქმება, საგადახდო დავალების შესრულება და გაუქმება


8.1. გადარიცხვა მიიჩნევა ავტორიზებულად, მხოლოდ გადამხდელის თანხმობის მიღების შემდეგ, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. Paysera-ს აგენტისთვის მიცემული თანხმობა ითვლება Paysera-სთვის მიცემულ თანხმობად. საგადახდო დავალებაზე, კლიენტს (გადამხდელს) შეუძლია თანხმობა წარადგინოს Paysera-ს მიერ განსაზღვრული ან კლიენტთან შეთანხმებული ფორმითა და წესით. წერილობით წარდგენილ თანხმობას ხელი უნდა მოაწეროს კლიენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა. თანხმობა ასევე შეიძლება დადასტურდეს, პაროლით, კოდით ან/და ავთენტიფიკაციის სხვა საშუალებებით. გადახდის ოპერაციის ან რამდენიმე გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა, ასევე შეიძლება გაცემულ იქნეს მიმღების ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მეშვეობით. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, კლიენტის (გადამხდელის) მიერ გაცემული თანხმობა ითვლება კლიენტის (გადამხდელის) მიერ სათანადოდ დადასტურებულად, ამგვარ თანხმობას აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც კლიენტის (მისი წარმომადგენლის) მიერ მატერიალურ დოკუმენტზე პირადად ხელმოწერილ დოკუმენტს (თანხმობას) და დასაშვებია, მისი, როგორც მტკიცებულების გამოყენება Paysera-სა და კლიენტს შორის სასამართლოებსა და სხვა დაწესებულებებში დავების გადაწყვეტისას. კლიენტს არ აქვს უფლება სადაო გახადოს Paysera-ს მიერ შესრულებული გადახდის ოპერაცია, თუ საგადახდო დავალება ავტორიზებულია აღნიშნულ პუნქტში მითითებული წესით.

8.2. კლიენტის (გადამხდელის) თანხმობა წარდგენილ უნდა იქნეს გადახდის ოპერაციის შესრულებამდე. კლიენტსა (გადამხდელსა) და Paysera-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, გადახდის ოპერაცია შეიძლება იყოს ავტორიზებული, ანუ კლიენტის ასეთი თანხმობა შეიძლება მიღებულ იქნეს გადახდის ოპერაციის შესრულების შემდეგ.

8.3. კლიენტი თანახმაა, რომ საგადახდო დავალების შესრულებისას Paysera დავალებაში მითითებულ ინფორმაციას (კლიენტის პერსონალური მონაცემების ჩათვლით) და კლიენტის საკონტაქო მონაცემებს (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში) გადასცემს გადახდის ოპერაციის განხორციელებასთან უშუალოდ დაკავშირებულ პირებს, როგორიცაა საგადახდო ბარათების საერთაშორისო ორგანიზაციები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას სადებეტო/საკრედიტო საბარათე გადახდების შესახებ, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, გადახდის ოპერაციის განხორციელების საგადახდო სისტემის ოპერატორი, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შუამავლები/აგენტები, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი და მიმღები.

8.4. საგადახდო დავალების გამოთხოვის პროცედურა:

8.4.1. საგადახდო დავალების გამოთხოვა შეუძლებელია Paysera-ს მიერ მისი მიღების შემდეგ, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

8.4.2. თუ საგადახდო დავალება ინიცირებულია მიმღების მიერ ან მიმღების მეშვეობით (ე.ი. გადახდა საგადახდო ინსტურმენტის, ბარათის გამოყენებით) ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მიერ (გარდა პირდაპირი დებეტისა), გადამხდელს არ აქვს უფლება გამოითხოვოს საგადახდო დავალება მას შემდეგ რაც გადამხდელს გადახდების ოპერაციის ინიციირებაზე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის ან მიმღებისთვის გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა აქვს გაცემული;

8.4.3. ხელშეკრულების 5.25.4 პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნას არაუგვიანეს ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღის ბოლომდე;

8.4.4. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში, გადამხდელს უფლება აქვს გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს სადებეტო ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღის ბოლომდე;

8.4.5. ხელშეკრულების 8.4.1-8.4.4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გასვლის შემდეგ, საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნას მხოლოდ კლიენტისა (გადამხდელის) და Paysera-ს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ხოლო ხელშეკრულების 8.4.2 და 8.4.4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე, აუცილებელია მიმღების თანხმობა;

8.4.6. თუ საბარათე ოპერაცია ინიციირებულია მიმღების მიერ ან მიმღების მეშვეობით (გადარიცხვა ბარათის გამოყენებით) და გადახდის ოპერაციის შესრულებაზე გადამხდელის მიერ თანხმობის გაცემის მომენტში ცნობილი არ არის გადახდის ოპერაციის ზუსტი თანხა, Paysera გადამხდელის ანგარიშზე შეძლებს თანხის დაბლოკვას იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს დასაბლოკი თანხის განსაზღვრულ ოდენობაზე აქვს თანხმობა გაცემული. ოპერაციის ზუსტი თანხის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, Paysera დაუყოვნებლივ და არა უგვიანეს საგადახდო დავალების მიღებისთანავე, განბლოკავს გადამხდელის ანგარიშზე დაბლოკილ თანხას.

8.5. Paysera განათავსებს თანხებს ანგარიშზე და ჩამოჭრის/გადარიცხავს მათ ანგარიშიდან საგადახდო დავალებაში მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით - Paysera-ს IBAN-ის სტანდარტის ანგარიშის ნომერი. Paysera-ს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა Paysera-ს მიერ მიღებულ დავალებაში მოცემული უნიკალური იდენტიფიკატორი ანგარიშის მფლობელის სახელსა და გვარს (ანგარიშის მფლობელის სახელწოდებას). თუ აღნიშნული უნიკალური იდენტიფიკატორი მიწოდებულია Paysera ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად ან გადასარიცხად, საგადახდო დავალება ითვლება სათანადოდ შესრულებულად, თუ იგი შესრულებულია მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით. თუ Paysera ამოწმებს საგადახდო დავალებას და ადგენს აშკარა შეუსაბამობას Paysera-ს მიერ მიწოდებულ უნიკალურ იდენტიფიკატორსა და ანგარიშის მფლობელის სახელსა და გვარს (ანგარიშის მფლობელის სახელწოდებას) შორის, Paysera-ს უფლება აქვს უარი თქვას ასეთი გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.

5.6. როდესაც Paysera მიიღებს საგადახდო დავალებას თანხის საგადახდო მომსახურების სხვა პროვაიდერთან/სხვა ბანკში არსებულ ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ, Paysera ამგვარ გადახდის ოპერაციას შეასრულებს მიღებულ დავალებაში მოცემული უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით - მიმღების ანგარიშის ნომერი IBAN ფორმატში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს IBAN ანგარიშის ფორმატს. Paysera-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ უნიკალური იდენტიფიკატორი არ არის მოწოდებული ან ის არასწორია ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დაადგინა განსხვავებული უნიკალური იდენტიფიკატორი გადახდის ოპერაციის სათანადო შესრულებისთვის (თანხის ჩარიცხვა მიმღების საგადახდო ანგარიშზე).

8.7. საჭიროების ან/და სხვა სახელმწიფოს, დაწესებულების/ინსტიტუტების მოთხოვნის შემთხვევაში, Paysera-ს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია (მაგ. მიმღების სახელი და გვარი, ან დასახელება, გადახდის კოდი), რომელიც აუცილებელია გადახდის ოპერაციის სათანადოდ შესრულებისათვის.

9. აკრძალული საქმიანობა


9.1. კლიენტს, რომელიც სარგებლობს Paysera-ს მომსახურებებით ეკრძალება:

9.1.1. ხელშეკრულების პირობებთან, ხელშეკრულების დანართებთან, კანონმდებლობის და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნებთან შეუსაბამობა/მათი დარღვევა;

9.1.2. Paysera-ს და მესამე მხარის სავაჭრო ნიშნებზე უფლებების, საავტორო უფლებების, კომერციულ საიდუმლოებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა;

9.1.3. Paysera-თვის ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება, უარის თქმა ინფორმაციის მიწოდებაზე ან სხვა ქმედებების განხორციელებაზე, რომლებიც გონივრული საფუძვლით არის მოთხოვნილი Paysera-ს მიერ;

9.1.4. მესამე პირებისთვის Paysera-ს და Paysera-თან თანამშრომლობის შესახებ ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება;

9.1.5. სახსრების გადარიცხვა ან მიღება, თუ კლიენტმა იცის ან უნდა სცოდნოდა, რომ აღნიშნული სახრები მიღებულია უკანონო გზით;

9.1.6. Paysera-ს მომსახურებით სარგებლობა, როდესაც ეს იწვევს პასუხისმგებლობას ან სხვა უარყოფით სამართლებრივ ან ფინანსურ შედეგებს ან ზიანს აყენებს Paysera-ს ან მესამე პირების საქმიან რეპუტაციას;

9.1.7. Paysera-ს მომსახურებით სარგებლობა, თუ კლიენტი, მისი წარმომადგენელი, ბენეფიციარი მესაკუთრე, შესრულებული ან მიღებული გადარიცხვა შეესაბამება Paysera-ს მომსახურების მიწოდების შეზღუდვების ჩამონათვალში მითითებულ კრიტერიუმებს (Paysera-ს მომსახურების მიწოდების შეზღუდვების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე);

9.1.8. კომპიუტერული ვირუსების გავრცელება და სხვა ქმედებების განხორციელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემის გაუმართაობა, ინფორმაციის დაზიანება ან განადგურება და Paysera-ს სისტემის, აღჭურვილობის ან ინფორმაციის სხვა სახის დაზიანება;

9.1.9. ნებისმიერი სხვა მიზანმიმართული ქმედების განხორციელება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კლიენტისთვის ან მესამე პირებისათვის Paysera-ს მომსახურების მიწოდებას ან სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

9.1.10. არალეგალური აზარტული თამაშების ორგანიზება, აქციებით, ინდექსებით, ნედლეულით, ვალუტით (მაგ. Forex), ოფციონებით, საბირჟო ვაჭრობის ფონდებით (ETF) უკანონო ვაჭრობა; ვაჭრობის, ინვესტიციების ან სხვა მომსახურების გაწევა სავალუტო ბირჟებზე, Forex-ის ბაზრებზე და ელექტრონული ვალუტით ვაჭრობის სხვა სისტემებზე; თამბაქოს ნაწარმით, ალკოჰოლით, რეცეპტით გასაცემი წამლებით, სტეროიდებით, იარაღის, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტებით, პორნოგრაფიული შინაარსის პროდუქციით, არალიცენზირებული ლატარიის ბილეთებით, არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფით უკანონო ვაჭრობა და კანონით აკრძალული სხვა ქმედებების განხორციელება;

9.1.11. გადახდების მიღება არარეგულირებად ან/და არაკონტროლირებად ვირტუალურ ვალუტაში, მისი შეძენა, კონვერტაცია ან სხვა გზით განკარგვა (აკრძალვა მოიცავს გადარიცხვების შესრულებას ან მიღებას ვირტუალური ვალუტის გადამცვლელებისგან, ე.ი შემთხვევები, როდესაც გადარიცხვის განხორციელება ან მიღება ხორციელდება რეგულირებად ვალუტაში, თუმცა, ასეთი გადარიცხვა დაკავშირებულია ვირტუალური ვალუტის გადამცვლელებთან);

9.1.12. Paysera-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ფინანსური მომსახურების გაწევა ან/და აქციებით, ინდექსებით, ნედლეულით, ვალუტებით (მაგ. Forex), ოფციებით, საბირჟო ვაჭრობის ფონდებით (ETF) კანონიერი ვაჭრობის ორგანიზება, ვაჭრობის, ინვესტირების ან სხვა მომსახურების განხორციელება სავალუტო ბირჟებზე, Forex-ის ბაზრებზე და ელექტრონული ვალუტით ვაჭრობის სხვა სისტემებზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი აპირებს ფინანსური მომსახურების გაწევას Paysera-ს ანგარიშის გამოყენებით, მას უნდა ჰქონდეს მოქმედი ლიცენზია, (ნებართვა) გაცემული საქართველოს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან მესამე ქვეყნის მიერ, რომელმაც დააწესა ანალოგიური ან თანაბარი მოთხოვნები და აღნიშნული მოთხოვნების შესრულება ექვემდებარე კონტროლს ამისთვის დანიშნული კომპეტენტური ორგანოების მიერ.

9.1.13. Paysera-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ლეგალური აზარტული თამაშების, ლატარიების, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას/ ნებართვის მიღებას. თუ კლიენტი აპირებს აღნიშნული მომსახურების გაწევას Paysera-ს ანგარიშის გამოყენებით, მას უნდა ჰქონდეს მოქმედი ლიცენზია (ნებართვა), გაცემული საქართველოს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან მესამე ქვეყნის მიერ, რომელმაც დააწესა ანალოგიური ან თანაბარი მოთხოვნები და აღნიშნული მოთხოვნების შესრულება ექვემდებარე კონტროლს ამისთვის დანიშნული კომპეტენტური ორგანოების მიერ;

9.1.14. ჰქონდეს ერთზე მეტი პროფილი; პროფილის რეგისტრაცია ფიქტიური ან სხვისი სახელით მინდობილობის გარეშე; პროფილის რეგისტრაცია სხვა პირების ან ვებ.გვერდების მიერ მოწოდებული ანონიმური ტელეფონის ნომრების ან ელ.ფოსტის მისამართების გამოყენებით;

9.1.15. მომსახურების გაწევა, რომელიც აკრძალულია კანონით ან სხვა ნორმატიული აქტებით, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და მორალურ პრინციპებს;

9.1.16. სისტემაში შესვლა, როგორც ანონიმური მომხმარებელი (მაგ. Proxy-ის სერვერების მეშვეობით ან ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) მეშვეობით), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც VPN გამოიყენება სტატიკური (მუდმივი) IP მისამართიდან, მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დგინდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური მახასიათებლებით);

9.1.17. პაროლებისა და გადახდის ინსტრუმენტების სხვა პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლების გამჟღავნება მესამე პირებისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მომსახურებით სარგებლობის მიზნით.

9.2. კლიენტი ვალდებულია აუნაზღაუროს Paysera-ს ნებისმიერი ზიანი, ჯარიმა და სხვა ფინანსური სანქცია, რომელიც დაეკისრა Paysera-ს კლიენტის ბრალით, ხელშეკრულების პირობების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების 9.1 პუნქტის პირობების), მისი დანართების, Paysera-ს წესების, რეკომენდაციების შეუსრულებლობით.

9.3. კლიენტი პასუხისმგებელია და იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს მის მიერ Paysera-ს მომსახურებით სარგებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების ან მისი დანართების, Paysera-ს წესების, რეკომენდაციების დარღვევით Paysera-ს, Paysera-ს სხვა კლიენტებისა და მესამე მხარისთვის მიყენებული ზარალი. თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტის პროფილი შეიქმნა ყალბი ან არასწორი დოკუმენტების წარდგენით, კლიენტს ეკისრება პირგასამტეხლო 300 (სამასი) ლარის ოდენობით (აღნიშნული ოდენობის თანხა ითვლება მინიმალურ დანაკარგად/ზიანად, რომელიც არ საჭიროებს დადასტურებას), რომელიც Paysera უფლებამოსილია უაქცეპტოდ ჩამოჭრას კლიენტის ანგარიშიდან. ზარალის უფრო დიდი ოდენობა დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით. უკანონო საქმიანობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, Paysera მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

10. მხარეთა მიერ შეტყობინებების გაგზავნა, კლიენტთან კომუნიკაცია და კონსულტაცია


10.1. კლიენტი ადასტურებს და ეთანხმება, რომ Paysera-ს მიერ შეტყობინების წარდგენა განხორციელდება Paysera-ს ვებ.გვერდზე მისი განთავსებისა ან/და კლიენტის მიერ პროფილში ასახულ ელ.ფოსტის მისამართზე, მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით. კლიენტი ადასტურებს, რომ Paysera-ს მიერ შეტყობინების ნებისმიერი ზემოაღნიშნული გზით წარდგენა, ჩაითვლება შეტყობინების სათანადო წარდგენად. თუ შეტყობინება არ არის დაკავშირებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან, ითვლება რომ კლიენტმა შეტყობინება მიიღო Paysera-ს ვებ.გვერდზე მისი განთავსებიდან, ხოლო კლიენტისთვის ელ.ფოსტის მისამართზე ან მობილურ ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში - გაგზავნიდან 24 საათის განმავლობაში. თუ შეტყობინება წერილობითი დოკუმენტის სახით გაიგზავნა ფოსტით, ითვლება რომ კლიენტმა ის მიიღო გაგზავნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი შეტყობინებას ფაქტობრივად მიიღებს ამ ვადაზე ადრე ან გვიან. თუ Paysera-ს შესაბამის დოკუმენტში (დანართი, წესი, პროცედურა, შეთანხმება, ხელშეკრულება, რეკომენდაცია და სხვა), სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ითვლება, რომ კლიენტისაგან შეტყობინებები (პრეტენზიები, მოთხოვნები ან საჩივრები) მიღებულია მათი წარდგენის დღეს, თუ ისინი წარდგენილია Paysera-ს სამუშაო დღის განმავლობაში. მითითებულ ვადის შემდეგ გაგზავნილი შეტყობინებები Paysera-ს მიერ მიღებულად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღეს

10.2. ხელშეკრულებაში მოცემული პირობების არსებითი ცვლილებების, მათ შორის, საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შესახებ კლიენტს ეცნობება ცვლილების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე, სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ცვლილებების შესახებ, კლიენტს ეცნობება ცვლილების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე. ითვლება, რომ კლიენტმა მიიღო შეტყობინება და ცვლილებები ძალაში შევა კლიენტისთვის შეტყობინების პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მისამართზე ან მობილურ ტელეფონის ნომერზე შეტყობინების (რომელშიც მითითებულია შესაბამისი ვებ.გვერდის ბმული) გაგზავნიდან, წინამდებარე პუნტით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ. ინფორმაცია ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ დამატებით ქვეყნდება Paysera-ს ვებ.გვერდზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება ეხება კონკრეტულ კლიენტს.

10.3. ხელშეკრულების 10.2 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინებების ვადა არ ვრცელდება და შეტყობინების მიწოდება განხორციელდება 10.1 პუნქტით გათვალისწინებული წესით, თუ:

10.3.1. ხელშეკრულების პირობები იცვლება კანონმდებლობის ცვლილების გამო;

10.3.2. მომსახურების ტარიფები მცირდება ან ხელშეკრულების პირობები იცვლება კლიენტის სასარგებლოდ;

10.3.3. იზრდება Paysera-ს მომსახურების თვითღირებულება, რაც იწვევს Paysera-ს მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების ზრდას;

10.3.4. დაემატა ახალი მომსახურება ან არსებული მომსახურების ნაწილი, რომლით სარგებლობაც კლიენტის სურვილზე იქნება დამოკიდებული;

10.3.5. სტილისა და გრამატიკული შესწორებები, წინადადების, პუნქტის ან მუხლის პერიფრაზირება და გადატანა ხელშეკრულების უკეთ გასაგებად; მუხლების მაგალითების მიწოდება და სხვა ცვლილებები, რომლებიც არ ამცირებს ან ზღუდავს კლიენტის უფლებებს და არ ზრდის კლიენტის პასუხისმგებლობას ან არ ამძიმებს მის მდგომარეობას.

10.4. თუ ცვლილება ხორციელდება ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო, ცვლილების/ფასის ზრდის შესახებ კლიენტს შეტყობინება წარედგინება ცვლილების/ფასის ზრდის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

10.5. კლიენტისათვის ცნობილია, რომ კანონმდებლობით ან Paysera-ს შესაბამისი დოკუმენტით (დანართი, წესი, პროცედურა, შეთანხმება, ხელშეკრულება და სხვა) შეიძლება განისაზღვროს შეტყობინების სხვა ვადა ან/და წესი.

10.6. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, კლიენტი ვალდებულია რეგულარულად, მინიმუმ დღეში ერთხელ, შეამოწმოს Paysera-ს ვებ.გვერდი, საკუთარი ელ.ფოსტა და შეტყობინებების მიღების სხვა საშუალებები, რომლებიც მითითებულია პროფილში.

10.7. მხარეთა შეტყობინება ხორციელდება დაშვებულ ენაზე.

10.8. კლიენტი იღებს ვალდებულებას საკუთარ პროფილში ასახოს და ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ განაახლოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი და მისამართი), რომლის საშუალებით, Paysera-ს შეუძლია ოპერატიულად დაუკავშირდეს კლიენტს ან მის წარმომადგენელს. თუ კლიენტი არ განაახლებს საკონტაქტო მონაცემებს საკუთარ პროფილზე, კლიენტს ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ შედეგზე, რომელიც გამოწვეულია Paysera-გან შეტყობინების მიუღებლობით.

10.9. მესამე პირების შესაძლო უკანონო ქმედებებისგან კლიენტის ფულადი სახსრების დაცვის მიზნით, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს Paysera-ს კლიენტის წარმომადგენლის ან წარმომადგენლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვისა ან ქურდობის შესახებ.

10.10. კლიენტს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია სისტემის და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, Paysera-ს ვებ.გვერდზე მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე შეკითხვის გაგზავნის, მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან ზარის განხორციელების ან კლიენტის წარმომადგენლის პროფილში მოთხოვნის ფორმის შევსების გზით. კლიენტის შეტყობინებები, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ხელშეკრულებასთან, უნდა გაიგზავნოს Paysera-ს ვებ.გვერდზე მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე ან ხელშეკრულებაში მითითებულ Paysera-ს მისამართზე.

10.11. Paysera ვალდებულია, ხელშეკრულების 10.1 პუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად, წინასწარ აცნობოს კლიენტს სისტემის ან Paysera-ს მიერ მომსახურების მიწოდებაში მონაწილე მესამე პირების სისტემების ან/და აღჭურვილობის ცნობილი და შესაძლო ტექნიკური გაუმართაობის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს Paysera-ს მომსახურების გაწევაზე.

10.12. Paysera-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების ინტეგრაციის ტექნიკური გადაწყვეტილება. აღნიშნული სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინება, რომელიც საჭიროებს შესწორებებს კლიენტის პროგრამულ უზრუნველყოფაში, იგზავნება ცვლილების დანერგვამდე არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე. ცვლილებები, რომლებიც საჭიროა კლიენტის მხრიდან, ხორციელდება კლიენტის ხარჯზე.

10.13. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. კლიენტი ვალდებულია წარადგინოს გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგ. კლიენტის სახელწოდების, ტელეფონის ნომრის, მისამართის, ელ.ფოსტის მისამართის და სხვა საკონტაქტო მონაცემების ცვლილება; კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ცვლილება, კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ცვლილება, რომელიც უფლებამოსილია განკარგოს ანგარიშზე არსებული თანხები, კლიენტის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნა, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის დაწყება და ა.შ.) მიუხედავად იმისა, ეს ინფორმაცია უკვე აისახა თუ არა საჯარო ან შესაბამის რეესტრში.

10.14. Paysera-ს უფლება აქვს, მოითხოვოს საზღვარგარეთ შედგენილი დოკუმენტების თარგმნა, ლეგალიზება ან აპოსტილით დამოწმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით/საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არის განსაზღვრული.

10.15. Paysera-თვის წარსადგენი დოკუმენტების შედგენის, წარდგენის, დადასტურების და თარგმნის ხარჯი ეკისრება კლიენტს.

10.16. კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაეცნოს ხელშეკრულების მოქმედ რედაქციას, მის დანართებსა და ტარიფებს Paysera-ს ვებ.გვერდზე.

11. ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა


11.1. Paysera-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანის ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში, წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლით დადგენილი წესით.

11.2. კლიენტს უფლება არ აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში.

11.3. კლიენტს უფლება აქვს დაეთანხმოს ცვლლებებს ან უარი თქვას Paysera-ს მიერ ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებზე, ცვლილებების ამოქმედებამდე Paysera-თვის წერილობითი შეტყობინების წარდგენის გზით. თუ კლიენტი არ აცნობებს Paysera-ს ცვლილებაზე უარის შესახებ მათი ძალაში შესვლის მომენტამდე, ჩაითვლება, რომ კლიენტი ეთანხმება ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებს და ისინი ამოქმედდება მათი ძალაში შესვლისათვის განსაზღვრულ დღეს. თუ კლიენტი არ ეთანხმება ცვლილებას, ის უფლებამოსილია, ცვლილების ამოქმედებამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება Paysera-თვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წარდგენის გზით. აღნიშნულ შემთხვევაში, არ ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების 12.11 პუნქტით განსაზღვრული ვადა, თუ ხელშეკრულების შესაბამისი დანართიდან ან შესაბამისი პროდუქტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

11.4. ხელშეკრულების დანართში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება შესაბამის დანართში განსაზღვრული წესის თანახმად. თუ დანართით არ არის განსაზღვრული ცლილებისა და დამატების შეტანის პირობები, გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ცვლილებისა და დამატების შეტანისა და აღნიშნული შესახებ შეტყობინების პირობები.

11.5. მხარეებს შეუძლიათ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებაში ან დანართებში განსაზღვრონ ხელშეკრულების ან დანართებისაგან განსხვავებული ან დამატებითი პირობები. აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, Paysera ამზადებს შეთანხმების (შეთანხმება შეიძლება წარმოდგენილ იქნას დეკლარაციის ფორმით ანუ მხოლოდ კლიენტის მიერ ხელმოწერილი ) პროექტს და უგზავნის მას კლიენტს ელ. ფოსტით. თუ კლიენტი ეთანხმება შეთანხმების პირობებს, ის ხელს აწერს მას და შეთანხების სკანიბერებულ ვერსიას უგზავნის Paysera-ს ელ.ფოსტით . Paysera-ს უფლება აქვს, მოითხოვოს კლიენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერილი შეთანხმების დედნის Paysera-ს მიერ მიღების შემდეგ. თუ შეთანხმების დედანი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილ უნდა იქნას ფოსტით, შეთანხმებაზე Paysera-ს ხელმოწერა არ არის აუცილებელი და შესაბამისად, Paysera არ არის ვალდებული, კლიენტს ხელმოწერილი დოკუმენტი უკან გაუგზავნოს.

13. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა


13.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის ტექნიკური და კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული არ შეეხება: ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მეორე მხარისაგან დამოუკიდებლად; ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან; ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ გაუმჟღავნონ აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირებს ხელშეკრულების მეორე მხარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის გარეშე.

13.2. კლიენტი თანახმაა, Paysera-მ დაამუშავოს კლიენტის წარმომადგენლის პერსონალური მონაცემები კლიენტისთვის მომსახურების გაწევისა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების მიზნით. მხარეები უზრუნველყოფენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისას მიღებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას.

13.3. კლიენტი თანახმაა, Paysera-მ მომსახურების გაწევის, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის, განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოუყენოს კლიენტის/ კლიენტის წარმომადგენლის სისტემაში ასახული მონაცემები.

13.4. მონაცემთა შენახვისა და მათი დაცვის საკითხები რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს, რომელსაც გაეცნო კლიენტი, გააცნო მის წარმომადგენლებს და იღებს მისი შესრულების ვალდებულებას.

13.5. კლიენტი იღებს ვალდებულებას, დაიცვას და არ გაუმჟღავნოს მესამე პირებს მის მიერ შექმნილი ან წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მისთვის მიწოდებული პაროლი ან გადახდის ინსტრუმენტების სხვა პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები, მათ შორის, სხვა პირის მიერ მისი სახელით მომსახურებით სარგებლობის მიზნით. კლიენტი იღებს ვალდებულებას გააცნოს ეს მოთხოვნები და დაავალდებულოს მათი შესრულება კლიენტის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ან ექნებათ წვდომა კლიენტის პროფილზე. თუ კლიენტმა არ შეასრულა ეს ვალდებულება ან/და შეეძლო, მაგრამ არ აღკვეთა ეს ან/და განზრახ ან გაუფრთხილებლობით განახორციელა აღნიშნული ქმედებები, ითვლება, რომ პროფილზე წვდომა და Paysera-ს მომსახურებით სარგებლობა განხორციელდა კლიენტის სახელით. კლიენტს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა აღნიშნულით გამოწვეულ შედეგებზე და იღებს ვალდებულებას სრულად აუნაზღაუროს მესამე პირებს აღნიშნული ქმედებით ან უმოქმედობით მიყენებული ზიანი.

13.6. თუ კლიენტმა ან მისმა წარმომადგენელმა დაკარგა პროფილის ან სხვა პაროლი, ან ის ცნობილი გახდა მესამე პირისათვის კლიენტის ან Paysera-ს ბრალის/მიზეზის გარეშე, ასევე რეალური საფრთზე შეექმნა ან შეიძლება შეექმნას კლიენტის ან მისი წარმომადგენლის პროფილს, კლიენტი ან გარემოებებიდან გამომდინარე მისი წარმომადგენელი, იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლები, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს Paysera-ს ხელშეკრულების მე-10 მუხლში მითითებული საშუალებებით. Paysera არ არის პასუხისმგებელი შეუტყობინებლობით გამოწვეულ შედეგებზე.

13.7. ხელშეკრულების 13.6 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, Paysera დაუყოვნებლივ ზღუდავს კლიენტის ან/და კლიენტის წარმომადგენლის პროფილზე წვდომას და აჩერებს მომსახურებას, სანამ კლიენტს არ მიენიჭება ან არ შეიქმნება ახალი პაროლი.

13.8. Paysera კლიენტის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ანგარიშთან დაკავშირებული ელ.ფოსტა და ასევე სხვა საშუალებები (მაგ. მობილურის ტელეფონის ნომერი), რომლებიც კლიენტის არჩევნით დაკავშირებულია მის ანგარიშთან, გამოიყენება როგორც კლიენტთან კომუნიკაციის ან/და კლიენტის იდენტიფიკაციისათვის. ამიტომ, კლიენტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული საშუალებების და მათზე შესვლის უფლების მიმნიჭებელი მონაცემების დაცულობა. კლიენტი სრულად პასუხისმგებელია საკუთარი ელ.ფოსტასა და მის მიერ გამოყენებული სხვა საშუალებების წვდომის უსაფრთხოებაზე, ასევე მათ პაროლებზე. პაროლი წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, შესაბამისად, კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი მის გამჟღავნებასა და ყველა იმ ოპერაციაზე, რომელიც ხორციელდება შესაბამის პროფილზე შესვლის ან სხვა გადახდის ინსტრუმენტით სარგებლობისთვის პაროლის გამოყენების შემდეგ. Paysera გირჩევთ, დაიმახსოვროთ პაროლები და არ ჩაიწეროთ ისინი, არ შეიყვანოთ ისეთ მოწყობილობებზე, სადაც მათი ნახვა შესაძლებელი იქნება სხვა პირებისთვისაც. კლიენტი იღებს ვალდებულებას გაეცნოს აღნიშნულ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, გააცნოს ისინი კლიენტის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ ან მომავალში ექნებათ წვდომა კლიენტის პროფილზე/ანგარიშზე და უზრუნველყოს მათი შესრულება.

13.9. Paysera-ს უფლება აქვს გადასცეს კლიენტისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, სხვა უფლებამოსილ ორგანოებს, თუ მსგავსი ვალდებულება განსაზღვრულია კანონმდებლობით ან იმ მიზნით, რომ დადგინდეს დაირღვა თუ არა ეს ხელშეკრულება ან შესაბამისი ნორმატიული აქტი.

13.10. კლიენტი Paysera-ს ანიჭებს უფლებას უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით, მიიღოს აუცილებელი ზომა (მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, წარადგინოს მესამე პირებთან მოთხოვნა), კლიენტის წარმომადგენლის ვინაობისა და კლიენტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების ნამდვილობის დადგენის მიზნით (მაგ. იურიდიული პირთა რეესტრი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმების სისტემები და ა.შ.).

13.11. Paysera-ს უფლება აქვს ჩაწეროს კლიენტთან სატელეფონო საუბარი. მხარეები თანხმდებიან, რომ სატელეფონო საუბრები, აგრეთვე ფოსტით და სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტით, გაგზავნილი შეტყობინებები შეიძლება გამოყენებულ იქნას მტკიცებულებად მხარეებს შორის დავების შემთხვევაში. წინამდებარე ხელშეკრულებით, კლიენტი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია და ეთანხმება Paysera-ს უფლებამოსილებას ჩაიწეროს ნებისმიერი სატელეფონო საუბარი კლიენტის წარმომადგენელთან დამატებითი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე. კლიენტი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულის შესახებ კლიენტის იმ წარმომადგენლების ინფორმირება, რომლებსაც აქვთ ან მომავალში ექნებათ წვდომა კლიენტის პროფილზე/ანგარიშზე. კლიენტს ასევე აქვს უფლება, პირადი მიზნებისათვის, ჩაწეროს და შეინახოს სატელეფონო საუბრები და სხვა კორესპონდენცია, საკუთარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და პერსონალურ მონაცემთა მართვის წესების შესაბამისად.

13.12. კლიენტი ინფორმირებულია და თანახმაა, რომ მისი ანგარიშის ნომერი და გადარიცხვის განსახორციელებლად საჭირო მონაცემები შეიძლება ცნობილი გახდეს Paysera-ს სხვა კლიენტისათვის, რომელიც აპირებს ამ კლიენტისთვის თანხის გადარიცხვას. აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება, Paysera-ს თანხის გადმომრიცხავი კლიენტის მიერ სისტემაში დადასტურებული თანხის მიმღები ლიენტის ანგარიშის ნომრის მითითებისას;

13.13. კლიენტის თანხმობით, მისი მონაცემები შეიძლება ასევე გადაეცეს გადახდის ინიციირების ან ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების პროვაიდერს. Paysera-მ შესაძლოა უარი უთხრას ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების პროვაიდერს ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს კლიენტის ანგარიშზე წვდომაზე, ობიექტური და სათანადოდ დასაბუთებული მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ან მათი საშუალებით ანგარიშზე არაავტორიზებულ ან თაღლითურ წვდომასთან, ან/და გადახდის ოპერაციის არაავტორიზებულ ან თაღლითურ ინიციირებასთან. აღნიშნულ შემთხვევაში, Paysera აცნობებს კლიენტს ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შესახებ მიზეზის მითითებით. ეს ინფორმაცია, თუ შესაძლებელია, კლიენტს უნდა მიეწოდოს ანგარიშზე წვდომის შეზღუდვამდე, მაგრამ არაუგვიანეს წვდომის შეზღუდვისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

13.14. კლიენტისათვის ცნობილია, რომ Paysera შეაგროვებს/დაამუშავებს კლიენტის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები). კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. Paysera უფლებამოსილია კლიენტის სასესხო/გარესაბალანსო ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს კლიენტის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, კლიენტის არსებული ვალდებულების მონიტორინგის ან/და ახალი საკრედიტო/სასესხო/გარესაბალანსო ვალდებულების გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.

13.15. წინამდებარე ხელშეკრულებით, დანართებით, Paysera-სთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულებით, შეთანხმებით და სხვა ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში, დავალიანების კლიენტისაგან ამოღების მიზნებისათვის, კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს Paysera-ს კლიენტთან და წინამდებარე ხელშეკრულებით, დანართებით, Paysera -სთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულებით, შეთანხმებით და სხვა ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს ასევე სხვა მესამე პირებს.

13.16. Paysera უფლებამოსილია კლიენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს კლიენტის მიმართ არსებული მოთხოვნის დათმობის მიზნით.

13.17. Paysera უფლებამოსილია კლიენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი მიაწოდოს გარე აუდიტორს, კონსულტანტს, მრჩეველს, რომელიც Paysera-ს უწევს პროფესიულ მომსახურებას.

13.18. Paysera უფლებამოსილია (ა) კლიენტის მონაცემები და კლიენტის საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებული მონაცემები გადასცეს სადაზღვევო კომპანიას, რომელიც საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით სადაზღვევო მომსახურებას გაუწევს Paysera - ს ან/და კლიენტს; (ბ) კლიენტისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევის/პროდუქტის მიწოდების ფარგლებში ქონების შეფასების/ღირებულების განსაზღვრის მიზნით, შეფასებისათვის საჭირო ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები) გადასცეს გარე შემფასებელს

13.19. კლიენტი ადასტურებს, რომ Paysera უფლებამოსილია: (ა) პროფილში ასახულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტონული ფოსტის მისამართზე, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ისე შემდგომ, გააგზავნოს Paysera-ს სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებები ყოველგვარი შინაარსობრივი შეზღუდვის გარეშე. შეტყობინება შეიძლება გაგზავნილი იქნას როგორც Paysera-ს, ისე Paysera-ს მიერ შერჩეული მომსახურე კომპანიის მიერ. Paysera / Paysera-ს მიერ შერჩეული მომსახურე კომპანია ასევე უფლებამოსილია ზემოაღნიშნული ინფორმაცია კლიენტს შეატყობინოს სატელეფონო ზარის ან კომუნიკაციის სხვა საშუალების მეშვეობითაც; (ბ) კლიენტისათვის მომსახურების გაწევის ან/და საბანკო პროდუქტების შეთავაზების მიზნით, როგორც წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ისე მისი მოქმედების დასრულების შემდგომაც, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, ნებისმიერი საკრედიტო–საინფორმაციო მონაცემთა ბაზიდან ან/და სხვა წყაროდან მოიძიოს/გამოითხოვოს, გამოიყენოს ან სხვაგვარად დაამუშაოს კლიენტის შესახებ არსებული მონაცემები (მათ საკრედიტო ისტორიის შესახებ მონაცემები); (გ) დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით, კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები ან/და ინფორმაცია კლიენტის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ, გადასცეს სხვა კომერციულ ბანკებს; (დ) Paysera-ს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული კვლევის განხორციელების მიზნით, კლიენტის შესაბამისი ინფორმაცია გადასცეს კვლევის განმახორციელებელ პირს; ე) საგადახდო მომსახურების პროვაიდერს გადასცეს კლიენტის/კლიენტის ანგარიშის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მესამე პირებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ან მათი აგენტების მეშვეობით კლიენტის საბანკო ანგარიშებზე განათავსონ თანხა.

13.20. კლიენტის შესახებ ნებისმიერი სახის მონაცემის/ინფორმაციის მოძიების/გამოთხოვის, გამოყენების, მესამე პირებისათვის გადაცემის და სხვაგვარად დამუშავების წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ძალაში რჩება წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების დასრულების/შეწყვეტის შემდგომაც.

13.21. კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ სხვა პირების შესახებ Paysera-თვის ინფორმაციის გადაცემამდე, კლიენტმა აღნიშნული პირებისგან უნდა მოიპოვოს თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და წინამდებარე ხელშეკრულების 13.22 პუნქტის შესაბამისად, ამ ინფორმაციის Paysera ქსელში შემავალი კომპანიებისთვის ხელმისაწვდომობაზე. შესაბამისად, მხარეები ადასტურებენ, რომ Paysera-ს მიერ აღნიშნულ პირთა მონაცემების დამუშავება ხორციელდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კლიენტს მოპოვებული აქვს წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული თანხმობა.

13.22. კლიენტისათვის ცნობილია, რომ Paysera წარმოადგენს Paysera ქსელში შემავალ კომპანიას, რაც Paysera-ს კლიენტს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო პროცედურების გავლის საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი მომსახურება Paysera ქსელში შემავალი კომპანიებისაგან და Paysera-სა და Paysera ქსელში შემავალი სხვა კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღოს საჭირო მხარდაჭერა მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრებში. შესაბამისად, აღნიშნული მიზნით, Paysera-ს მიერ კლიენტის/მისი წარმომადგენლის შესახებ დამუშავებული/მოპოვებული/შენახული/უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი დაწესებულებისათვის/ორგანოსათვის წარდგენილი/და მათგან მიღებული კლიენტის წარმომადგენლის პერსონალური, კლიენტის საიდენტიფიკაციო/საბანკო (მათ შორის ანგარიშებისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაცია), საჭიროებისამებრ, ხელმისაწვდომია Paysera ქსელში შემავალი კომპანიებისათვის, აღნიშნული ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით. ამასთან, Paysera-თვის ხელმისაწვდომია Paysera ქსელში შემავალი კომპანიების მიერ კლიენტისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით კლიენტის შესახებ დამუშავებული/მოპოვებული/შენახული საიდენტიფიკაციო და მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. კლიენტი ადასტურებს, რომ მისთვის წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული პირობები ნათელი და გასაგებია. შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე დათანხმება Paysera-ს მიერ განიხილება, როგორც კლიენტის თანხმობა წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ პირობებზე.

13.23. თუ კლიენტი, ხელშეკრულების 15.6 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების გარეშე, მიმართავს საჯარო ინფორმაციის საშუალებებს და მათი მეშვეობით კლიენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სადაო საკითხის შესახებ არ შეესაბამება Paysera-სთან არსებულ ინფორმაციას და ზიანს აყენებს Paysera-ს საქმიან რეპუტაციას, Paysera, თავისი კანონიერი ინტერესების დასაცავად, უფლებამოსილია კლიენტის მონაცემები გადასცეს საჯარო ინფორმაციის საშუალებებს.

14. მხარეთა პასუხისმგებლობა


14.1. თითოეული მხარე პასუხისმგებელია ყველა იმ ჯარიმაზე, პირგასამტეხლოზე და ზიანზე, რომელიც მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად მიადგა მეორე მხარეს. აღნიშნული მხარე, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ამგვარი დარღვევის შედეგად მიყენებული პირდაპირი ზიანი. Paysera-ს პასუხისმგებლობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, შეზღუდულია შემდეგი პირობით:

14.1.1. Paysera-ს პასუხს აგებს მხოლოდ იმგვარი პირდაპირი ზიანისათვის, რომელიც წარმოადგენს Paysera-ს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირდაპირი და არსებითი დარღვევის უშუალო შედეგს და რომელიც Paysera-თვის წინასწარ, ხელშეკრულების დარღვევის დროს გონივრულობის ფარგლებში, იყო სავარაუდო;

14.1.2. Paysera არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ მიუღებელ მოგებასა და შემოსავალზე, რეპუტაციულ და ბიზნეს დანაკარგზე, ასევე, არაპირდაპირ ზიანზე;

14.1.3. Paysera-ს პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ ასეთი შეზღუდვა აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით.

14.2. Paysera არ იძლევა სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტიას, რადგან სისტემის მუშაობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს (შეაფერხოს) Paysera-ს კონტროლს მიღმა არსებულმა რიგმა ფაქტორმა. Paysera გაიღებს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება, თუმცა, ის არ არის პასუხისმგებელი Paysera-ს ბრალის გარეშე სისტემის ფუნქციონირების შეფერხებით წარმოქმნილ შედეგებზე.

14.3. სისტემის შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს Paysera-ს მიზეზებით. Paysera არ ანაზღაურებს აღნიშნულის შედეგს, თუ სისტემა ხელმისაწვდომი იყო მთელი დროის 99%-ზე (ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი) მეტი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული გამოითვლება სულ მცირე ბოლო 3 (სამი) თვის საშუალო მონაცემებით.

14.4. სისტემის გაუმართავ ფუნქციონირებად არ ითვლება როდესაც სისტემის შეკეთების, გაუმჯობესებისა და სხვა მსგავსი მიზეზის გამო, Paysera ზღუდავს სისტემაზე წვდომას დროებით, მაგრამ არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში და აღნიშნულის შესახებაც კლიენტს ეცნობება მინიმუმ 2 (ორი) კალენდარული დღით ადრე.

14.5. Paysera არ არის პასუხისმგებელი:

14.5.1. Paysera ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრასა და გადარიცხვებისთვის, ასევე სხვა სახის გადახდის ოპერაციისთვის, თუ კლიენტი არ იცავს თავის პაროლსა ან/და სხვა იდენტიფიკაციის საშულებებს, რის შედეგადაც ისინი ცნობილი ხდება სხვა პირებისთვის, ასევე მესამე პირების უკანონო ქმედებებზე და ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია ყალბი ან/და არალეგიტიმური დოკუმენტების ან უკანონოდ მიღებული მონაცემების გამოყენებით;

14.5.2. ბანკების, ანგარიშსწორების სისტემების და სხვა მესამე მხარის მიერ დაშვებული შეცდომების, არადროული გადახდების, დაკავებული თანხების გამო;

14.5.3. შედეგებზე, რომლებიც წარმოიქმნება, მესამე მხარის მიერ გამოწვეული, Paysera-ს კონტროლის მიღმა არსებული მიზეზით, Paysera-ს მიერ რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

14.5.4. შედეგებზე, რომლებიც წარმოიქმნება Paysera-ს მიერ ხელშეკრულების კანონიერი საფუძვლით შეწყვეტის, კლიენტის პროფილის/ანგარიშის გაუქმების ან მასზე წვდომის შეზღუდვის შედეგად, ასევე მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ გონივრული საფუძვლით შეზღუდვის ან შეწყვეტის შედეგად;

14.5.5. პროდუქტსა და მომსახურებაზე, რომელიც შეძენილია Paysera ანგარიშის გამოყენებით, ასევე სხვა მხარის მიერ ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების შეუსრულებლობისთვის, რომელთანაც გადახდები განხორციელდა Paysera ანგარიშის გამოყენებით;

14.5.6. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის და ზიანისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იყო Paysera-ს მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებით.

14.6. კლიენტი ადასტრებს, რომ მისი ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან, შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

14.7. კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი Paysera-თვის წარდგენილი მონაცემების, დავალებებისა და დოკუმენტების სისწორეზე.

14.8. თუ Paysera-თვის ცნობილი გახდება არაავტორიზირებული გადახდის ოპერაციის შესახებ, Paysera დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნი სამუშაო დღის დასრულებისა, უბრუნებს კლიენტს არაავტორიზირებული გადახდის ოპერაციის თანხას და საჭიროების შემთხვევაში, არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში აღადგენს ანგარიშს რომლიდანაც ჩამოიჭრა თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც Paysera-ს აქვს თაღლითური ქმედების საფუძვლიანი ეჭვი და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შესაბამის ორგანოს.

14.9. თუ კლიენტი უარყოფს გადახდის ოპერაციის ავტორიზაციას ან აცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არასწორად შესრულდა, Paysera ვალდებულია დაამტკიცოს, რომ გადახდის ოპერაცია ავთენთიფიცირებულია, სწორად დარეგისტრირდა და ჩაიწერა და რომ მას არ შეხებია რაიმე ტექნიკური ან სხვა სახის ხარვეზი.

14.10. კლიენტს ეკისრება პასუხისმგებლობა არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით არაავტორიზებული გადახდის ოპერაციების შედეგად დამდგარ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია დაკარგული ან მოპარული საგადახდო ინსტრუმენტებით ან მისი უკანონო გამოყენებით ან საგადახდო ინსტრუმენტების უკანონო მითვისებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

14.11. კლიენტს სრულად არის პასუხისმგებელი არაავტორიზებული გადახდის ოპერაციების შედეგად დამდგარ ნებისმიერ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია კლიენტის თაღლითური ქმედებით ან კლიენტის მიერ ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ვალდებულებების არაკეთილსინდისიერი, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის გამო:

14.11.1. საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენება წინამდებარე ხელშეკრულებაში ან მის დანართებში, წესებში, რეკომენდაციაში გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გაცემისა და გამოყენების მარეგულირებელი წესების შესაბამისად;

14.11.2. თუ კლიენტისათვის ცნობილი გახდა საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, ქურდობის, მითვისების ან არასანქცირებული გამოყენების შესახებ, ასევე თუ კლიენტისათვის ცნობილია ან ვარაუდობს, რომ საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები ცნობილია მესამე პირისათვის ან შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე პირის მიერ, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ Paysera-ს ან მის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს, წინამდებარე ხელშეკრულებით ან მის დანართით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გაცემისა და გამოყენების მარეგულირებელი წესების, რეკომენდაციების შესაბამისად;

14.11.3. საგადახდო ინსტრუმენტის მიღების შემდეგ დაიცვას საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლების უსაფრთხოება/ კონფიდენციალურობა.

14.13. თუ Paysera არ უზრუნველყოფს დაკარგული, მოპარული ან უკანონოდ მითვისებული საგადახდო ინსტრუმენტის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების შესაძლებლობას, ასევე თუ Paysera არ ითხოვს ძლიერ ავთენტიფიკაციას (კანონმდებლობი გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), საგადახდო ინსტრუმენტის არასანქცირებული გამოყენებით დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელია Paysera, გარდა კლიენტის არაკეთილსინდისიერი/თაღლითური ქმედებით გამოწვეული შემთხვევებისა.

14.14. კლიენტმა თვეში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმოს ინფორმაცია ანგარიშზე შესრულებული გადახდის ოპერაციების შესახებ და წერილობით აცნობოს Paysera-ს არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციების, ასევე ამონაწერში არსებული ნებისმიერი სხვა შეცდომის, შეუსაბამობის ან უზუსტობის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება წარდგენილ უნდა იქნეს უმოკლეს ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. კლიენტი უფლებამოსილია Paysera-ს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორცილებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება თუ ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დღიდან არ გასულა 13 (ცამეტი) თვე. კლიენტმა უნდა წარუდგინოს Paysera-ს ნებისმიერ ინფორმაცია პროფილში უკანონო შესვლის ან ანგარიშთან დაკავშირებული სხვა უკანონო ქმედებების შესახებ და მიიღოს Paysera-ს მიერ მითითებული ყველა გონივრული ზომა, უკანონო ქმედებების გამოძიებაში/მოკვლევაში დახმარების მიზნით.

14.15. მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის, თუ დაამტკიცებს, რომ ხელშეკრულება არ შესრულდა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადასტურებული ფორს-მაჟორული გარემოებების გამო. კლიენტმა წერილობით უნდა აცნობოს Paysera-ს ფორს-მაჟორული გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ხელშეკრულების შესრულებას, ამ გარემოებების დადგომიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. Paysera აცნობებს კლიენტს ფორს-მაჟორული გარემოების შესახებ ელექტრონული ფოსტითს ან სისტემის ვებ. გვერდის მეშვეობით.

15. კლიენტსა და Paysera-ს შორის დავების გადაწყვეტა, საჩივრების წარდგენის პროცედურა


15.1. Paysera ცდილობს, კლიენტთან ყველა დავა გადაწყვიტოს სწრაფად და ორივე მხარისათვის მისაღები პირობები., ამიტომ, დავის შემთხვევაში, Paysera მოუწოდებს კლიენტებს პირველ რიგში მიმართონ უშუალოდ Paysera-ს. დავები წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით.

15.2. კლიენტს შეუძლია Paysera-ს პრეტენზია/საჩივარი წარუდგინოს ელ.ფოსტით, Paysera-ს სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით, კლიენტის წარმომადგენლის პროფილიდან შეტყობინების გაგზავნით, მატერიალური ფორმით უშულოდ Paysera-ს ოფისში წარდგენით Paysera-ს ონლაინ მომსახურების სისტემის მეშვეობით ან ზეპირი ფორმით. პრეტენზიის/საჩივრი Paysera-ს მიერ სატელეფონო ზარით მიღებისას, წინამდებარე ხელშეკრულების 13.11 პუნქტის საფუძველზე განხორციელდება კლიენტთან სატელეფონო საუბარის ჩაწერა.

15.3. საჩივარში უნდა იყოს მითითებული ის გარემოებები და დოკუმენტები, რომლებსაც ეფუძნება წარდგენილი პრეტენზია. თუ კლიენტი პრეტენზიაში ეყრდნობა დოკუმენტებს, რომლებიც Paysera-ს არ გააჩნია, ასეთი დოკუმენტები ან მათი ასლები წარდგენილი უნდა იყოს.

15.4. თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით, Paysera არ არის გათავისუფლებული პრეტენზიის/საჩივარის განხილვის ვალდებულებისაგან, Paysera განიხილავს კლიენტის პრეტენზიას/საჩივარს, მისი მიღებიდან და წინამდებარე ხელშეკრულები 15.3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების Paysera -თვის წარდგენიდან, არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში და მიაწვდის კლიენტს დეტალურ, მოტივირებულ, დოკუმენტურად დასაბუთებულ პასუხს. თუ Paysera-გან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, Paysera ვერ შეძლებს პასუხის გაცემა 15 სამუშაო დღეში, Paysera კლიენტს მიაწვდის შუალედურ პასუხს, სადაც ნათლად იქნება მითითებული საჩივარზე პასუხის დაგვიანების მიზეზები და საბოლოო პასუხის გაცემის ვადა. საბოლოო პასუხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 (ოცდათხუთმეტ) სამუშაო დღეს.

15.5. Paysera-ს მიერ კლიენტის პრეტენზიების განხილვა უფასოა.

15.6. თუ კლიენტს არ აკმაყოფილებს Paysera-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კლიენტს უფლება აქვს გამოიყენოს სხვა სამართლებრივი საშუალებები თავისი უფლებების დასაცავად. მათ შორის: procedure

15.6.1. წარუდგინოს პრეტენზია საქართველოს ეროვნულ ბანკს;

115.6.2. 2023 წლის 01 აგვისტოდან კლიენტი ასევე უფლებამოსილია, Paysera-თვის საჩივრით/პრეტენზიით მიმართვის დღიდან არაუგვინეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.

15.6.3. თუ დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკების ან დავის გადაწყვეტის სხვა არასასამართლო გზით, დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლო საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

15.7. კლიენტის მიერ Paysera-თვის პრეტენზიების/საჩივრების წარდგენისა და განხილვის დეტალური პროცედურა მოცემულია კლიენტის პრეტენზიების/საჩივრის წარდგენისა და დამუშავების წესში.

15.8. აღნიშნული ხელშეკრულება, მისი დანართები, ისევე როგორც მხარეთა ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულსრდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.